რუსული მედიის ინფორმაციით, ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქებისას სულ მცირე ათი ადამიანი დაიღუპა, მათგან ორი საელჩოს თანამშრომელია
ქაბულში, რუსეთის საელჩოსთან აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა და 8 პირი დაშავდა. რუსული მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის დიპლომატიური წარმომადგენლობის ორი თანამშრომელია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„5 სექტემბერს, ქაბულის დროით 10:50 საათზე, ქაბულში, რუსეთის საელჩოს საკონსულო განყოფილების შესასვლელთან, უცნობმა მებრძოლმა აამოქმედა ასაფეთქებელი მოწყობილობა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა დიპლომატიური მისიის ორი თანამშრომელი. დაშავებულები არიან ავღანეთის მოქალაქეებს შორისაც“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
როგორც რუსული მედია წერს, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც საელჩოს თანამშრომლები შენობასთან შეკრებილ პირებთან გავიდნენ, რათა გამოეცხადებინათ კანდიდატები, რომლებიც ვიზას მიიღებდნენ.