რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობას ტოვებს
რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობას ტოვებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა თანამდებობას ტოვებს, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილ ე.წ. პრემიერზე, სერგეი შამბაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა „ტასს“ ხაჯიმბას გადადგომას უდასტურებს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციც.

რუსული მედიის ინფორმაციით, ხაჯიმბას რეზიდენციასთან შეკრებილ რამდენიმე ასეულ ადამიანთან ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი ე.წ. პრემიერი სერგეი შამბა გამოვიდა და რაულ ხაჯიმბას მიერ გადადგომის შესახებ განცხადება წაიკითხა. ინფორმაციას ოვაციები მოჰყვა აქციის მონაწილეებს შორის, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას 9 იანვრიდან საპროტესტო აქციების ფონზე ითხოვდნენ.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.