რუსული მედიის ინფორმაციით, კორონავირუსის გამო, რუსეთს ჯარები ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს
კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, რუსეთს ჯარები ანექსირებული ყირიმიდან ოკუპირებულ აფხაზეთში გადაჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფის სამხედროები გადაჰყავთ. ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 სპეციალური ავტომობილისგან შემდგარი კოლონა მიემართება.
ამასთან, რუსული მედიის ცნობითვე, ადგილზე ჩასვლისთანავე, დროებითი ავტოპარკი და დეზინფექციის პროცესში ჩართული სპეციალური ტექნიკის პუნქტები მოეწყობა. შემდეგ, რუსი სპეციალისტები ადგილობრივი ექიმების დახმარებით, შეაფასებენ ჩატარებულ სამუშაოს და დაიწყებენ დეზინფექციას.