რუსული მედიის ინფორმაციით, ხვალიდან თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი ამოქმედდება
რუსული მედიის ინფორმაციით, ხვალიდან თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი ამოქმედდება

რუსული გამოცემა „იზვესტიას“ ინფორმაციით, ხვალიდან თბილისში რუსეთის სავიზო ცენტრი დაიწყებს მუშაობას. შედეგად, საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის ვიზების მიღების პროცესი გამარტივდება. ინფორმაცია გამოცემას შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, სავიზო ცენტრში მოქალაქეებს საბუთების ჩაბარება შეეძლებათ. ამის შემდეგ საბუთები შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციაში გაიგზავნება, სადაც ვიზის გაცემაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

„იზვესტიას“ ცნობით, სავიზო ცენტრის გახსნა იმის ნიშანია, რომ რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას არ გეგმავს, თუმცა სურს, ვიზების გაცემა გამარტივდეს. ამასთან, სავიზო ცენტრის გახსნით შემცირდება თაღლითობის რისკიც, რომელიც ვიზების გაცემას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი რუსეთში შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს, ივ როსიეს შეხვდა. რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ თბილისში ადგილობრივი კრიმინალური ელემენტები საქართველოს მოქალაქეებში რუსეთის ვიზებზე მაღალი მოთხოვნისგან სარგებელს ნახულობენ.

„თბილისში რუსეთის საზღვარგარეთული დაწესებულების გარშემო არსებული ატმოსფერო მკვეთრად განსხვავდება მოსკოვში საქართველოს წარმომადგენლობის გარშემო არსებული მშვიდი და კეთილგანწყობილი ატმოსფეროსგან“, – განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.