სერგეი გავრილოვი შესაძლოა, მღვდელი გახდეს. ამის შესახებ რუსმა დეპუტატმა „რასია 24“-თან ინტერვიუში განაცხადა. მან ვრცლად ისაუბრა საქართველოში მისი ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტზე.
„ჩემთვის ეს რთული არჩევანია, რადგან ბაბუაჩემი საქართველოშია დაკრძალული და მისი საფლავის მონახულება მსურდა. სასულიერო სემინარია მაქვს დამთავრებული, შესაძლოა, მღვდელი გავხდე და სხვადასხვა ადამიანის აღსარების ჩაბარება მომიწევს. მზად უნდა ვიყო, ადამიანებს ცოდვები შევუნდო, მაგრამ არ შეიძლება, ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგო თავდასხმების პატიება, არ შეიძლება ვაპატიოთ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მისამართით იფურთხებიან. ასეთი რამ არ უნდა ვაპატიოთ“, – განაცხადა გავრილოვმა.
მისივე თქმით, რუსული მხარე სისხლს არ ითხოვს, მაგრამ დამნაშავეების დასჯა სურს. რუსმა დეპუტატმა ინტერვიუში რუს ტურისტებს ურჩია, საქართველოში არ ჩავიდნენ.
„ასეთ სიტუაციაში ჩვენ შეგვიძლია, ვურჩიოთ მოქალაქეებს, არ ეწვიონ საქართველოს, თუ ხალხის მასა მზადაა, პარლამენტი შტურმით აიღოს; მზადაა, შტურმით აიღოს დაცული, თანამედროვე სასტუმროები, მაშინ სხვა დანარჩენი შენობების უსაფრთხოების გარანტიას ვერავინ გასცემს. აქვე ვიტყვი, რომ რიგითი მოქალაქეების მხრიდან, უბრალო ხალხის მხრიდან არ იყო გამოთქმული, არც ერთი მტრული აზრი რუსთის ან ჩვენი თანამემამულეების მისამართით“, – განაცხადა გავრილოვმა.
სერგეი გავრილოვი საქართველოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიაზე მონაწილეობის მიზნით ჩამოვიდა. დუმის დეპუტატი ამავე დროს ასამბლეის პრეზიდენტია. ასამბლეის სხდომაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტში გრძელდებოდა, გავრილოვმა დელეგატებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა. ამ ფაქტს პარლამენტში დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც რუსმა დეპუტატებმა პარლამენტი დატოვეს და სასტუმრო „რედისონში“ გადაინაცვლეს. სასტუმროსთან აქცია გაიმართა. „რედისონი“ რუსმა დეპუტატებმა სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს.