საქართველოში რუსი პოლიტტექნოლოგი, სახალინის ოლქის გუბერნატორის აპარატის უფროსის ყოფილი მოადგილე ანატოლი მაკაროვი დააპატიმრეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული რეგიონული გამოცემა „სახალინ.ინფო“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, თბილისის სასამართლომ მაკაროვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ანატოლი მაკაროვზე ძებნა 2018 წლის ზაფხულში გამოცხადდა. რუსეთში გამოძიება მას 2014 წელს იუჟნო-სახალინსკის საქალაქო საბჭოს არჩევნებზე ქრთამის აღების ორგანიზებას ედავება. ამასთან, ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, მაკაროვმა მისი დაკავება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაადასტურა, თუმცა მოგვიანებით განცხადება წაშალა. როგორც თავად მაკაროვი სოციალურ ქსელში წერდა, საქართველოში სასამართლომ მისი ექსტრადირების საკითხზე უნდა იმსჯელოს. დაკავებული წერდა, რომ ის სასამართლოში პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნას აპირებს. მის წინააღმდეგ რუსეთში მიმდინარე გამოძიებას კი სახალინელი ძალოვნების შურისძიებას უწოდებდა. მაკაროვი სახალინის ოლქის გუბერნატორის ალექსანდრ ხოროშავინის აპარატის თანამშრომელი იყო. 2018 წლის თებერვალში სასამართლომ ხოროშავინს ქრთამის აღებისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.