რუსული მედიის ცნობით, რუსეთის ტვერის ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებით დაესხნენ თავს, განხორციელდა სარკინიგზო სადგურის ევაკუაცია, გაჩერებულია რამდენიმე სამგზავრო მატარებელი
რუსული მედიის და ტელეგრამარხებში გავრცელებული ცნობებით, რუსეთის ტვერის ოლქში სარკინიგზო სადგური „სტარა ტოროპა“ ევაკუირებულია. ამის მიზეზი რაიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმაა.
რუსული მედიის ინფორმაციით, გაჩერებულია რამდენიმე სამგზავრო მატარებელი, სხვები კი, მათ შორის, „მოსკოვი-ფსკოვი“ და „სანკტ-პეტერბურგი-სმოლენსკი“, ალტერნატიული მარშრუტით გადაადგილდებიან.
მანამდე ტვერის რეგიონის ხელმძღვანელმა, იგორ რუდენიამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ოლქის სამხრეთ-დასავლეთით.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტვერის ოლქის დაბა ოქტიაბრსკიში რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალის ტერიტორიაზე ძლიერი აფეთქება მოხდა. ეს სამხედრო ობიექტი მდებარეობს ტოროპეცის სამხრეთით 16 კმ-ში, სადაც რამდენიმე დღის წინ აფეთქდა საბრძოლო მასალების საწყობი.
სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ძლიერი აფეთქება და ცეცხლის ალი.
NASA-ს ინტერაქტიულ რუკაზე დაბა ოქტიაბრსკის რაიონი ხანძრითაა მოცული.