რუსული მედიის ცნობით, ქალაქ ნოვოშახტინსკში, სავარაუდოდ, დეზერტირმა პოლიციას ცეცხლი გაუხსნა
რუსეთის როსტოვის ოლქის ქალაქ ნოვოშახტინსკში, სავარაუდოდ, დეზერტირმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შესაბამის ინფორმაციას რუსული სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. დაშავებულია ერთი პოლიციელი.
მედიასაშუალებების ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დეზერტირმა ცეცხლი ტყვიამფრქვევიდან გახსნა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, სამხედროფორმიანმა მამაკაცმა პოლიციის თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. ამჟამად თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობის დასადგენად და დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები ტარდება.
ქალაქის ადმინისტრაციის თავმჯდომარე სერგეი ბონდარენკო აცხადებს, რომ, მომხდარის გამო, ქალაქის სკოლებსა და საბავშვო ბაღებში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.