რუსული მედიის ცნობით, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალურმა დეპუტატებმა ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით საჯარო განცხადებას მოაწერეს ხელი
მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის 18 ოლქის მუნიციპალურმა დეპუტატებმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გადადგომის მოთხოვნით საჯარო განცხადებას მოაწერეს ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს.
შესაბამისი დოკუმენტი პეტერბურგის მუნიციპალური სემენოვსკის ოლქის დეპუტატმა ქსენია ტორსტრემმა გამოაქვეყნა. აღნიშნული დეპუტატი იყო ხელმოწერების შეგროვების ორგანიზატორი.
„ჩვენ, რუსეთის მუნიციპალური დეპუტატები, მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ქმედებები ზიანს აყენებს რუსეთის მომავალსა და მის მოქალაქეებს. ვითხოვთ ვლადიმირ პუტინის რუსეთის ფედერაციის პოსტიდან გადადგომას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „მედუზა“ აღნიშნავს, მანამდე, პუტინის გადადგომის მოთხოვნით გამოვიდა მოსკოვის ლომონოსოვის მუნიციპალური ოლქის დეპუტატთა საბჭო. ამას გარდა, პეტერბურგის სმოლნინსკოეს მუნიციპალური ოლქის დეპუტატებმა სახელმწიფო დუმას მოუწოდეს, რომ ვლადიმერ პუტინს სახელმწიფო ღალატის ბრალდება წაუყენონ. აღნიშნული დეპუტატების წინააღმდეგ რუსეთის არმიის დისკრედიტაციის ბრალდებით საქმე აღძრეს.