რუსული მედიის ცნობით, კურსკის ოლქში შეტაკებები გრძელდება და რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა
რუსული მედიის ცნობით, რუსეთის კურსკის ოლქში კვლავ შეტაკებებია და რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ ჩავარდა.
როგორც რუსული, ისე უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის კურსკის ოლქში ტყვედ არის აყვანილი, სულ მცირე, ექვსი რუსი სამხედრო მოსამსახურე.
ამასთან, მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ კურსკის ოლქში უკრაინის დივერსიულ- სადაზვერვო ჯგუფი შეიჭრა და რუსმა მესაზღვრეებმა და სამხედროებმა მათი უკუგდება შეძლეს. მოგვიანებით ეს ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ვებგვერდიდან წაშალა.
ამავე განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ეს ჯგუფი 300 ადამიანისგან შედგებოდა და მათი ნაწილი ცდილობდა რუსეთ-უკრაინის საზღვრის ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს გამაგრებას. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დივერსიული ჯგუფის წევრები 30 ერთეული ჯავშანმანქანით გადაადგილდებოდნენ.
გავრცელებული ცნობით, უკრაინისა და რუსეთის საზღვრის ამ მონაკვეთზე შეტაკებები გრძელდება და რუსეთი იყენებს ავიაციას.
რუსეთის თავდაცვის უწყებამ ადგილზე გააგზავნა სარეზერვო ძალებიც.
ამასთან ერთად, კურსკის ოლქის გუბერნატორის ცნობით, ქალაქ სუჯაში მასირებული ცეცხლის და დრონებით შეტევის შედეგად დაღუპულია სამი ადამიანი. მისივე თქმით, კურსკის ოლქის სხვადასხვა დასახლებებში დაშავებულია რუსეთის 13 მოქალაქე.