რუსული მედია - რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის წვრთნა ჩაატარეს
რუსული მედია - რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის წვრთნა ჩაატარეს

რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალებმა საპასუხო ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს, – ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

სწავლება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით გაიმართა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, სტრატეგიული შეკავების ძალებმა მოწინააღმდეგის ბირთვული თავდასხმის საპასუხოდ მასირებული ბირთვული დარტყმის განხორციელების წვრთნა ჩაატარეს.

რუსეთის გენშტაბის ცნობით, სწავლებაში ჩართული იყო სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ძალების მობილური სახმელეთო სარაკეტო კომპლექსი Ярс-ი, ჩრდილოეთ ფლოტის სტრატეგიული წყალქვეშა ნავი „ტულა“, ორი სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-95МС.

სამხედროებმა ბალისტიკური რაკეტები პლესეცკის კოსმოდრომიდან და ბარენცის ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.

პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული შეკავების ძალების წინა წვრთნა უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ინტერვენციამდე რამდენიმე დღით ადრე, 19 თებერვალს ჩატარდა.