რუსული მედია - რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემებით, აშშ-ი საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას გეგმავს
რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლას გეგმავს.
„ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციის მიზნით „შეიმუშავეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია“, – აცხადებენ უწყებაში.
რუსეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ამერიკელმა „კურატორებმა“ უკვე მისცეს ბრძანება საქართველოში ოპოზიციურ ძალებს, დაიწყონ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაგეგმვა, რომელიც ემთხვევა არჩევნებს. ამასთან, ხელისუფლების ცვლილების მთავარი მამოძრავებელი ძალა თბილისის მოსახლეობა უნდა იყოს.
რუსეთის საგარეო დაზვერვაში აცხადებენ, რომ „ვაშინგტონი ყველა ამ მოვლენის საფუძველში ანტირუსული იდეოლოგიის ჩადებას და საქართველოს ყველა უბედურებაში მოსკოვის დადანაშაულებას გეგმავს“. აქცენტი გაკეთდება „ქართული ოცნების“ დადანაშაულებაზე, რომ არ არის „პოლიტიკურად დამოუკიდებელი“, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს გზას ევროკავშირისკენ.
რუსეთის დაზვერვის მონაცემების მიხედვით, „ანტისამთავრობო განწყობის გამწვავებაში გადამწყვეტი როლი საქართველოს პრეზიდენტმა, ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს“. როგორც „ვაშინგტონელმა რეჟისორებმა“ ჩაიფიქრეს, სახელმწიფოს მეთაური ერთ-ერთ ამერიკულ მედიას მისცემს ინტერვიუს, რომელშიც საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების პროცესის დეგრადაციაში დაადანაშაულებს, გააფრთხილებს „ფართო საზოგადოებას“ „მოსკოვთან დაახლოების კატასტროფულ შედეგებსა“ და რუსეთიდან გადაბარგებულთა მიერ საქართველოსთვის მიყენებულ ზიანზე. გარდა ამისა, რუსეთის დაზვერვაში აცხადებენ, რომ ვაშინგტონი, ზურაბიშვილის მეშვეობით აპირებს, ამომრჩევლები მოამზადოს „ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნებისთვის“ გარკვეული პოლიტიკური სიურპრიზისთვის“, რაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მორიგი „ფერადი რევოლუცია“ აღმოჩნდეს.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მონაცემით, „აშშ-ის გეგმის მიხედვით, საქართველოში ხელისუფლების შესაცვლელად „საკრალური მსხვერპლის“ თემა განიხილება, რაც გამოიწვევს ხალხის რისხვას“ სამართალდამცველების მისამართით“.
„პროვოკაციების ამერიკელ ოსტატებს შესაბამისი დიდი გამოცდილება აქვთ. საკმარისია, გავიხსენოთ კიევის მაიდანი, სადაც „დემოკრატიის საკურთხეველზე“ ასობით ადამიანი გაწირეს, რომლებიც, მათ შორის, ქართველმა დაქირავებულმა სნაიპერებმა დახვრიტეს“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო დაზვერვის ინფორმაციაში.