რუსეთში, კურსკის ოლქში ფედერალური საგანგებო რეჟიმი შემოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, საგანგებო მდგომარეობა წესდება კატასტროფის, უბედური შემთხვევის, საშიში ბუნებრივი ფენომენის, ბუნებრივი ან სხვა სტიქიის შემთხვევაში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ან უკვე გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, ადამიანის ჯანმრთელობისა თუ გარემოს დაზიანების, მნიშვნელოვანი მატერიალური ზარალის და მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების მოშლის შემთხვევებში.
უწყების განცხადებით, საგანგებო სიტუაციები კლასიფიცირდება იმის მიხედვით, თუ როგორია გავრცელების მასშტაბი, დაღუპულთა ან დაშავებულთა რაოდენობა ან ზარალის ხარისხი. ფედერალური საგანგებო რეჟიმი ყველაზე მაღალი დონეა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, არის საგანგებო სიტუაციები ადგილობრივ, მუნიციპალურ, მუნიციპალიტეტშორის, რეგიონულ და რეგიონთაშორის დონეზე.
6 აგვისტოს რუსეთის კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის დანაყოფების შეჭრის შემდეგ ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 31 დაშავდა. რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.