მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციის საინსპექციო კომისიის თავმჯდომარემ რუნე ანდერსენმა განაცხადა, რომ რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის დისკვალიფიკაცია ძალაში რჩება.
სამშაბათს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომა გაიმართა და ეს გადაწყვეტილება იქ მიიღეს. როგორც აღნიშნავენ, თუ რუსული მხარე არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, 2018 წლის სეზონში რუსი სპორტსმენები საერთაშორისო ტურნირებში ნეიტრალური ათლეტების სტატუსითაც ვერ მიიღებენ მონაწილეობას.
„სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაცია გაუწია საბჭოს, რათა გაგრძელდეს დისკვალიფიკაცია. სასჯელი ძალაში რჩება”, – მოჰყავს ანდერსენის სიტყვები ფედერაციის პრესსამსახურს.
რუსეთის მძლეოსნობის ფედერაციის წევრობა ორი წლის წინ შეჩერდა – რუსული დოპინგის შესახებ რიჩარდ მაკლარენის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ. ამის გამო, რუსი მძლეოსნები ინდივიდუალურ მიწვევებს იღებენ საერთაშორისო სტარტებისთვის და ნეიტრალური დროშის ქვეშ ასპარეზობენ.