რუსულ სატელევიზიო სივრცეში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალს აღარ აჩვენებენ
რუსულ სატელევიზიო სივრცეში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით სერიალს აღარ აჩვენებენ

რუსულ სატელევიზიო სივრცეში უკრაინის პრეზიდენტის მონაწილეობით გადაღებულ სერიალს აღარ აჩვენებენ. ამის შესახებ „დოიჩე ველეს“ რუსული ბიურო იუწყება.

ტელეკომპანია „ტეენტემ“ უკრაინის პრეზიდენტისა და ყოფილი მსახიობის, ვლადიმირ ზელენსკის მონაწილეობით გადაღებული სერიალის „ხალხის მსახურის“ ჩვენება დაიწყო, თუმცა ეთერში სამი სერიის გასვლის შემდეგ ტელეკომპანიამ მოულოდნელად, საეთერო ბადე შეცვალა და „ხალხის მსახურის“ ნაცვლად სხვა სერიალები ჩასვა.

ამასთან ერთად, ცნობილი ხდება, რომ რუსული ტელეკომპანიის მიერ გაშვებულ სამ სერიაში გარკვეული სცენები ამოჭრეს. მათ შორის იყო სცენა, სადაც პუტინზე ხუმრობაა გამოყენებული.

სერიალის ჩვენების გაუქმებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „ტეენტეს“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამ სერიაზე მეტის გაშვებას თავიდანვე არ აპირებდნენ. მთლიანი სერიალის შესახებ გაშვებული ანონსი კი, მარკეტინგული გათვლა იყო.

უკრაინული სერიალი „ხალხის მსახური“ 2015 წელს გადაიღეს. მასში მთავარ როლს უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი ასრულებს. სერიალი ისტორიის მასწავლებლის, ვასილი გოლობოროდკოს თავგადასავალს მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად ქვეყნის პრეზიდენტი ხდება.