რუსუდან გოცირიძე - სამართალი რომ მოითხოვო, ეს არ ეწინააღმდეგება არც ქრისტიანობას, არც მოყვასის სიყვარულს
სამართალი რომ მოითხოვო, ეს არ ეწინააღმდეგება არც ქრისტიანობას, არც მოყვასის სიყვარულს, – ამის შესახებ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
რუსუდან გოცირიძის თქმით, საჭიროა აქციის მონაწილეებმა მათი „შვილების დამცხრილავებს“ თვალებში ჩახედონ და პასუხები მოითხოვონ.
„ცოტა ხნის წინ დიდი იერიშები იყო, რომ თუ ქრისტიანი ხარ, შენ მიტევებისკენ უნდა მოუწოდო ყველას, ერთ ლოყაში თუ დაგარტყავენ, მეორე ლოყის მიშვერაზე უნდა იქადაგო. ჩემს მაცხოვარს როდესაც სახრეს ურტყავდნენ, ის ადგა ფეხზე, თავის გამროზგველს ჩახედა თვალებში და უთხრა – რატომ მიტრტყავ?
სამართალი რომ მოითხოვო, ეს არ ეწინააღმდეგება არც ქრისტიანობას, არც მოყვასის სიყვარულს. მე მგონი ჩვენ აქ ვდგავართ, რომ თვალებში ჩავხედოთ ჩვენი ბავშვების დამცხრილავებს, თვალების დამთხრელებს და ვუთხრათ – რატომ ესროლეთ ამ ბავშვებს?! რატომ ესროლეთ იმ ადამიანებს, რომელთაც თავმოყვარეობა ჰქონდათ და ჩემი ქვეყნის სინდისს და ნამუსს იცავდა.
მე მგონი, რომ ეს არის ქრისტიანობა. ეს არის მოყვასის სიყვარული, როდესაც იცი რომელი ერის შვილი ხარ, როდესაც იცი, რა ღმერთი გწამს და როდესაც სიყვარულსაც ქადაგებ.
ამ სახელმწიფომ ბოლო წლების განმავლობაში ამ მოედანზე რამდენჯერმე გვითხრა, რომ დიდი ბოდიში 200 კაცის მეშინია და მე თქვენ ვერ დაგიცავთ. ყვითელ ავტობუსებში ჩავსხედით და გავიქეცით. საკუთარი თავის დაცვა როდესაც სჭირდებოდა სახელმწიფოს, ჰქონია ძალა და 200 კაცს კი არ დაუპირისპირდა, ათეულობით ათას ახალგაზრდას დაუპირისპირდა“, – განაცხადა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა.