რუსთავის მერიის ინფორმაციით, რუსთავში წლების განმავლობაში დაუკანონებელ ბინებზე საკუთრების მოწმობების გაცემის პროცესი გრძელდება. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად, საკუთრებაში ბინები კიდევ 98 ოჯახს გადაეცა. ინფორმაცია ბინების დაკანონების შესახებ მოსახლეობას რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ და ქვემო ქართლის გუბერნატორმა, გიორგი დოხტურიშვილმა რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად გააცნეს და მთავრობის განკარგულების ასლი გადასცეს.
98 ოჯახს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართები მთავრობის განკარგულებით გადაეცა, საკუთრების მოწმობის ასაღებად მხოლოდ საჯარო რეესტრის რეგისტრაცია დასჭირდება.
რუსთავში ბინების დაკანონების პროცესი წელიწადნახევრის წინ დაიწყო. დღემდე, მთავრობის განკარგულებით, საცხოვრებელი ფართი უკვე 600 რუსთაველ ოჯახს დაუკანონდა. ამ ეტაპზე, რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ბინის საკუთრებაში გადაცემისთვის საჭირო პროცედურები კიდევ ასი ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.