რუსთავში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით დღეს დედა-შვილი მოიწამლა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა, სასწრაფო-სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. მისი 9 წლის შვილი კი, ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დღესვე რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის ნამწვით ბებიისა და შვილიშვილის მოწამვლის ფაქტიც დაფიქსირდა, 68 წლის ქალბატონსა და 19 წლის ახალგაზრდას დახმარება ადგილზევე გაეწიათ.
ამასთან, რუსთავში რამდენიმე დღის წინ 61 წლის ქალი მეზობლებმა საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის ნამწვი გახდა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.