რუსთავში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ რუსთავში მომხდარი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვნის გარდაცვალების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავში, სამარშრუტო-სამგზავრო ავტობუსის მძღოლმა ისე დაძრა სატრანსპორტო საშუალება, რომ არ დარწმუნდა მანევრის უსაფრთხოდ განხორციელებაში და მცირეწლოვანს შეეჯახა, მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შედეგად სამი წლის ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 28 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.