ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი“ დღეიდან „სერპენსის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას
რუსთავში ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმო „რუსთავოილი“ დღეიდან „სერპენსის“ სახელით განაგრძობს ოპერირებას. ქარხანა უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას უზრუნველყოფს.
საკითხთან დაკავშირებით დღეს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ „სერპენსის“ პარტნიორი კომპანიები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე.
როგორც ცნობილია, რებრენდინგის შემდეგ საწარმო საცავების საერთო მოცულობას 20 000 ტონამდე ზრდის, რის შედეგადაც ქარხანა პარტნიორებისთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქტის უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს. იზრდება სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სიმძლავრეებიც და, რვის ნაცვლად, 32 ვაგონ-ცისტერნის ერთდროულად მიღება, დაცლა და დატვირთა იქნება შესაძლებელი.
როგორც აღინიშნა, საწარმოში დღეისათვის დასაქმებულია 70-მდე ადამიანი, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა. გარდა ამისა, იგეგმება ათამდე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო გამოცდილების მქონე სპეციალისტის ჩამოყვანა, რომელთა უშუალო ჩართულობით განხორციელდება საწარმოს თანამედროვე სტანდარტებით ექსპლუატაცია.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, თანამედროვე სტანდარტების მქონე მაღალტექნოლოგიური ნავთობპროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოს პირველი ეტაპის მშენებლობა 2019 წელს დასრულდა, რის შედეგადაც იგი დღემდე პარტნიორებს უმაღლესი ხარისხის ბიტუმის მიწოდებას სთავაზობდა. აღნიშნული იდეის გაჩენა რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ განაპირობა. ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო, ისტორიულად, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის ფუნქცია, რომელიც თავისთავად მოითხოვდა მძლავრი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობას. საგზაო ინფრასტრუქტურისთვის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს წარმოადგენს ბიტუმი, რომელიც აქამდე სრულად იმპორტირებულ ნედლეულს წარმოადგენდა. ზემოაღნიშნული იდეის განხორციელება შესაძლებელი გახდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თანამშრომლობით, როდესაც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში კომპანიას პირობადადებულ საკუთრებაში 10 ჰექტრამდე ტერიტორია გადაეცა ქალაქ რუსთავში, სამრეწველო ზონაში, ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დაახლოებით 30-მილიონიანი ინვესტირება განხორციელდა.