რუსთავში, ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ნორმას არ აჭარბებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა რუსთავში ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ავტომატური მობილური სადგურის საშუალებით განახორციელეს.
მონიტორინგის შედეგად რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში დამაბინძურებელი ნივთიერებების კონცენტრაციები ნორმაზე გადაჭარბებით არ დაფიქსირებულა.
მობილური სადგურის საშუალებით შესაძლებელია ჰაერის ხარისხის განსაზღვრა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილებსა და საქართველოს რეგიონებში. ავტომატური სადგური ამჯერად რუსთავში განთავსდა, სადაც ჰაერის ხარისხის მონიტორინგი 24 საათის განმავლობაში განხორციელდა.
მობილური ავტომატური სადგურის საშუალებით ადგილზე ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერების კონცენტრაციები განისაზღვრა (PM10, PM2.5, ნახშირჟანგი, გოგირდის დიოქსიდი, აზოტის ოქსიდი და დიოქსიდი, NOX და ოზონი). მიღებული შედეგების შეფასება საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით, ახალი თანამედროვე სტაციონალური ავტომატური სადგურების დამონტაჟება საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში ახორციელებს.