რუსთავში დღეს „რუსთავქალაქობას“ აღნიშნავენ. ქალაქის დღესასწაულისადმი მიძღვნილი საღამო 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე დაიწყო, სადაც მზადება დილიდან მიმდინარეობდა.
„რუსთავქალაქობა 2023“-ის მთავარი თემა უძველესი და მე-20 საუკუნის რუსთავის ისტორიაა.
„დღეს რუსთავში აღვნიშნავთ ჩვენი ქალაქის დღეს. საღამოს შვიდ საათზე ქალაქის მთავარ მოედანზე ძალიან სასიამოვნო კონცერტი დაიწყო. ველოდებით ყველას, მთელ რუსთავს, ღონისძიებაზე არ გვაქვს არცერთი პერსონალური მოსაწვევი. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი საღამო თითოეული რუსთაველისთვის დაუვიწყარი იქნება“, – განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
საზეიმო კონცერტში მონაწილეობას იღებენ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და ნიკა ნიკვაშვილი, ანსამბლი „ქართული ხმები“, ნატო მეტონიძე, ნუკრი კაპანაძე, ზვიად ბოლქვაძე, ნატალია ქუთათელაძე, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი და მიშო ჯავახიშვილი.
„რუსთავქალაქობის“ საზეიმო საღამოს მუსიკოსი და რეჟისორი ლაშა ნოზაძე უძღვება.
„წელს აქცენტს ვაკეთებთ ქალაქის ორ სიცოცხლეზე, ძველ და განახლებულ რუსთავზე, რაღა თქმა უნდა, იმ ადამიანებზე, ვინც ეს ქალაქი შექმნა და ვინც, ფაქტობრივად, ამ ქალაქის ბედი დაწერა. ვინც ჩვენი თანამედროვეა და ჩვენ გვერდითაა, დღეს სტუმრად გვყავს და ვეფერებით, ვინც, სამწუხაროდ, დაგვტოვა, მათ ღვაწლს გავაცნობთ ახალ თაობას და გავიხსენებთ. ველოდებით ყველას, ვისთვისაც ეს ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანია და უყვარს“, – განაცხადა ლაშა ნოზაძემ.
ქალაქის დღესასწაულს რუსთაველები ყოველი წლის შემოდგომაზე, ტრადიციულად, უკვე 25 წელია, აღნიშნავენ.