რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულის ადვოკატის ინფორმაციით, საქმეზე კიდევ სამი პირი, მათ შორის ორი სამართალდამცველია დაკავებული
რუსთავში 36 წლის მამაკაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, საქმეში კიდევ სამი პირი ფიგურირებს, მათგან ორი სამართალდამცველია და ისინი პოლიციამ უკვე დააკავა. ამის შესახებ ადვოკატმა ქვემო ქართლის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფს შეხვდა.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულ გიორგი გეთაშვილს ცრუ ჩვენების მიცემას ედავებიან.
მისივე თქმით, გეთაშვილი ერთ-ერთია, ვინც გარდაცვლილი ბოლოს ნახა. ორმა სამართალდამცველმა 36 წლის მამაკაცი სწორედ მისი მანქანიდან გადაიყვანა, თუმცა ეს ფაქტი დაკავებულმა პირველ ჩვენებაში დამალა.
„ეს არის მკვლელობის საქმე, რომელზეც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ედავებიან, რომ თითქოსდა მან მიიღო მკვლელობაში გარკვეულწილად მონაწილეობა. მისი მონაწილეობა გამოიხატება იმაში, რომ გარდაცვლილი მიიყვანა კონკრეტულ პიროვნებებთან და იმათ კიდევ მიიყვანეს მკვლელთან. სცენა არის შემდეგი, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელები აჩერებენ, გადმოჰყავთ გარდაცვლილი და მიჰყავთ პოლიციელებს. როგორც აღმოჩნდა, მიჰყავთ მკვლელთან. ეს მაქვს ზოგადი ინფორმაცია, როგორიც არსებობს. თუმცა, ჩვენ პროკურატურა გვედავება, რომ ეს ყოველივე ვიცოდით, რომ უნდა მიეყვანა პოლიციასთან და შემდეგ მკვლელს უნდა განეხორციელებინა ეს, რაც აბსურდია და არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება, რადგან გარდაცვლილი არის მისი მეგობარი. ჩემი ინფორმაციით, დაკავებულია ეს ორი პოლიციელი და ის, ვინც ეს ქმედება ჩაიდინა. მას არ უხსენებია პოლიციელები, რადგან აქ იყო დაშინება, მუქარა, ამიტომ იყო თავის შეკავება, რომ მის ოჯახს საფრთხე არ შექმნოდა. ამიტომ შეიკავა თავი და პოლიციელები არ ახსენა“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება პროცესუალური დარღვევებით მოხდა.
„მე მიჭირავს დაკავების ოქმი, რომელშიც წერია, რომ ის დაუკავებიათ 2019 წლის 6 ოქტომბერს 23:09 საათზე ანუ აქამდე, გამოდის, რომ 24 საათზე მეტი ის დაკავებული არ ყოფილა და მოხალისე ყოფილა ამ შენობაში ღამე გაათია. ეს, რა თქმა უნდა, აბსურდია. ეს არ არის რეალობა და ჩვენ ამაზე პროცესუალურად ვიდავებთ. რეალურად დააკავეს 5 ოქტომბერს დაახლოებით 8-9 საათზე. დაკავების ოქმით ჩვენ გვედავებიან, რომ თურმე ცრუ ჩვენება მივეცით და სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გვედავებიან, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან შვიდ წლამდე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ ყოველივეს ვერ დაამტკიცებენ, აღნიშნულ საქმეზე უამრავი პროცესუალური დარღვევაა. სამჯერ მაქვს განცხადება დაწერილი. სამჯერ მოვითხოვე მასთან შეხვედრა და საქმის მასალების გადმოცემა და დღემდე არ მაქვს გადმოცემული“, – განაცხადა გიორგი გეთაშვილის ადვოკატმა.
დაკავებულ გიორგი გეთაშვილს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილს 30-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. მამაკაცის ცხედარი 5 ოქტომბერს რუსთავში მტკვარმა გამორიყა.