რუსთავსა და მარნეულში მსხვილფეხა პირუტყვის ქურდობის გამო ორი პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქონლის ქურდობის ბრალდებით, 1968 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხ.ა. დააკავეს.
შსს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 7 ივნისს მოქალაქეს მსხვილფეხა პირუტყვი მოპარა.
ამასთან, უწყების ცნობით, ანალოგიური ბრალდებით დააკავეს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ა.გ. მან მარნეულის რაიონის სოფელ დამიაში მცხოვრებ მოქალაქეს პირუტყვი მოჰპარა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი საქონელი პატრონებს დაუბრუნეს.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.