„რუსთავმა“ ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა - კოლუმბიელმა ასპრილიამ „არაგვს“ მოაგებინა #1TVSPORT
„რუსთავმა“ ლიდერთან ჩამორჩენა შეამცირა - კოლუმბიელმა ასპრილიამ „არაგვს“ მოაგებინა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგა 2-ში 30-ე ტურის შეხვედრები გაიმართა და სატურნირო ცხრილში ცვლილებები მოხდა.

ხობის საფეხბურთო ცენტრში ერთმანეთს აუტსაიდერები შეხვდნენ – „კოლხეთმა“ სართიჭალის „შტურმს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა. ერთადერთი გოლი მე-18 წუთზე პენალტით გიორგი ფერაძემ გაიტანა. სეზონის დასრულებამდე ექვსი ტურით ადრე გაირკვა, რომ ბოლო ადგილოსანი ხობის „კოლხეთი“ საუკეთესო შემთხვევაში პლეი აუტის მონაწილე გახდება.

გათამაშების ლიდერმა საგარეჯოს „გარეჯმა“ საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიასთან“ ქულები დაკარგა. მასპინძლები ლევან პაპავასა და ბაქარ მირცხულავას გოლებით ორჯერ იგებდნენ, მაგრამ სტუმრებმა ორივეჯერ წონასწორობა აღადგინეს – დუბლი ამირან ძაგანიამ შეასრულა.

დუშეთის „არაგვმა“ „სპაერი“ მიიღო და თენგიზ ბრეგვაძისა და კოლუმბიული თავდამსხმელის, ხუან ასპრილიას გოლებით 2:0 დაამარცხა იმის მიუხედავად, რომ 65-ე წუთიდან კაცნაკლული დარჩა. ამ მოგებით „არაგვმა“ (39) „ვიტ ჯორჯიას“ (38) და „ლოკომოტივს“ (37) გადაასწრო და აუტსაიდერთა ზონას თავი დააღწია.

„რუსთავმა“ კონკურენტ ბოლნისის „სიონს“ 1:0 მოუგო. რუსთავის ტექნიკურ ცენტრში გამართულ მატჩში 28-ე წუთზე ჯერ ბოლნისელთა მეკარე კოკა სეფიაშვილი ბოლო იმედის ჯარიმისთვის გააძევეს, ხოლო 48-ეზე ანალოგიური მიზეზით მასპინძელთა მცველი ლაშა კასრაძე დასაჯეს. ერთად-ერთი გოლი კი 56-ე წუთზე პენალტით გიორგი გაბედავამ გაიტანა და „რუსთავმა“ ლიდერ „გარეჯთან“ (55) ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა.

30-ე ტური 

არაგვი – სპაერი 2:0

რუსთავი – სიონი 1:0

გარეჯი – ვიტ ჯორჯია 2:2

კოლხეთი (ხ) – შტურმი 0:1