ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში მე-6 ტურის პირველი შეხვედრა დასრულდა. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე „რუსთავმა“ ფოთის „კოლხეთი 1913“ მიიღო და სამი ქულა მოიპოვა.
ანგარიში მე-2 წუთზე რუსთაველებმა კურიოზული გოლით გახსნეს – კუთხურიდან ზაზა ციცქიშვილის მოწოდებული ბურთი ძელს მოხვდა, შემდეგ კი მასპინძელთა მცველს, მამუკა კობახიძეს და კარში შეგორდა – 1:0. 41-ე წუთზე ზაზა ციცქიშვილმა კოლხეთის კარში მეორე ბურთი გაიტანა.
მე-2 ტაიმის დასაწყისში ფოთელები რთულ ვითარებაში ჩავარდნენ – 55-ე წუთზე, „კოლხეთის“ ნახევარმცველი ზურაბ არზიანი მსაჯის შეურაცხყოფისთვის მოედნიდან გააძევეს. საბოლოოდ, ანგარიში აღარ შეცვლილა და „რუსთავმა“ მიმდინარე სეზონში მესამე შეხვედრა მოიგო ანგარიშით 2:0.
რუსთაველებმა 9 ქულა დააგროვეს და ქუთაისის „ტორპედოს“ გაუთანაბრდნენ, რომელიც საჩხერის „ჩიხურას“ ხვალ უმასპინძლებს. ფოთის „კოლხეთი“ კი 4 ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.