რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქცია საკრებულოს თავმჯდომარის, პარტია „საქართველოსთვის“ წევრის, ნოდარ შეროზიას იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს
ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დავიწყოთ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, უკვე მიმართეს საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეების და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.
„რუსთავის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის, ანუ ამჟამინდელი საკრებულოს შემადგენლობა, უკვე ორ წელზე მეტია, ჯეროვნად ვერ ასრულებს საკუთარ მოვალეობებს.
ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას მუნიციპალიტეტის გამართული მუშაობის და, შესაბამისად, ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობის წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა ბიუჯეტის დამტკიცებისთვის ხელის შეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში, კონკრეტული პროექტების შეფერხებაში, მოქალაქეების პოზიციების გაუთვალისწინებლობაში და ა.შ.
საკრებულოს რეგლამენტის უხეში დარღვევების გარდა, შრომის ინსპექციამ და შემდეგ უკვე საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა საკრებულოს ხელმძღვანელობის უპასუხისმგებლო და უკანონო ქმედებები აპარატის თანამშრომელთა მიმართაც, თუმცა მათთვის სასამართლოს გადაწყვეტილება შემაფერხებელი არ აღმოჩნდა, რომ კვლავინდებურად გაეგრძელებინათ პოლიტიკური მავნებლობა.
ცოტა ხნის წინ ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოეყო და პარტიიდან გავიდა ფრაქციის ოთხი წევრი, რაც კიდევ ერთი დამატებითი საფუძველი აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ გუნდისთვის, რომ დავიწყოთ რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობის თანამდებობებიდან გადაყენების პროცესი.
ამ მიზნით, ჩვენ, კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით, უკვე მივმართეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, ჩანიშნოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც ძირითად საკითხებად იქნება სწორედ საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილეებისა და საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი.
მიგვაჩნია, რომ არსებულ სიტუაციაში, როდესაც ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა ისედაც ყველა შანსს იყენებდა პოლიტიკური რევანშისთვის „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ახლა, მით უმეტეს, არ აქვთ ერთიანი პოზიცია, დაშლილი „ნაცმოძრაობის“ და გახარიას ფრაქციის იმედად ყოფნა ჩვენი ქალაქისთვის არის სრულიად გაუმართლებელი.
ამიტომ მივმართეთ კანონით ჩვენთვის მონიჭებულ უფლებას და ვიწყებთ საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცედურას“, – ნათქვამია განცხადებაში.