რუსთავის საკრებულოს შენობაში სხდომის შემდეგ ხმაური იყო, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქვემო ქართლის ტელეკომპანიის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს [ვიდეო]
რუსთავის საკრებულოს შენობაში სხდომის დასრულების შემდეგ ინციდენტი მოხდა.
ქვემო ქართლის ტელეკომპანიის, TV 4-ის ჟურნალისტმა და ტელეკომპანიის დირექტორმა, გიგი მგალობლიშვილმა ქალზე ძალადობის ფაქტი დააფიქსირა. ის ცდილობდა იმ ოთახში შესვლას, სადაც დაპირისპირებული მხარეები იმყოფებოდნენ, თუმცა მას შესვლის საშუალება თავდაპირველად არ მისცეს, ხოლო შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
რუსთავში საკრებულოს სხდომა თითქმის ექვსი საათის განმავლობაში ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სხდომას ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძეც ესწრებოდა. საკრებულოს წევრებმა მეორე მცდელობაზე ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცება შეძლეს. დოკუმენტს 19-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 15 წინააღმდეგი წავიდა. ბიუჯეტის პროექტს ოპოზიციის სრული შემადგენლობა იწუნებდა, თუმცა მუნიციპალური სერვისების შეფერხების თავიდან აცილების არგუმენტით, გახარიას გუნდმა საბოლოოდ ბიუჯეტს მხარი მაინც დაუჭირა.