რუსთავის საკარანტინო სივრცეში 93 ადამიანი, თვითიზოლაციაში კი, 30 მოქალაქე იმყოფება
რუსთავში, საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის 93 ადამიანი იმყოფება. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ. ასევე, თვითიზოლაციაშია 30 პირი, – ინფორმაცია ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა მიაწოდეს.
მათივე ინფორმაციით, საკარანტინო ზონაში ოთხი პირი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო გადაიყვანეს, დანარჩენებს კი, მაღალი რისკის ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.
რუსთავის მერის განმარტებით, ქალაქში პრევენციული ღონისძიებები ტარდება. სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 50 ათასი ლარი, რასაც 35 ათასი დაემატება. უკვე შექმნილია მერიის თანამშრომლებისგან მობილური ჯგუფი, ასევე მიმდინარეობს მოხალისეთა რეგისტრაცია, ისინი საჭიროების შემთხვევაში თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებსა დ ხანდაზმულებს დაეხმარებიან, საკვებსა და მედიკამენტებს მიაწვდიან.
ამასთან, საერთო ჯამში, საქართველოში კარანტინის რეჟიმში 1008 ადამიანი იმყოფება.