რუსთავის მერიამ წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა
რუსთავის მერიამ წარმატებული რუსთაველი სპორტსმენებისა და მწვრთნელებისთვის სრული სპორტული ეკიპირება შეიძინა.
დღეიდან რუსთაველი სპორტსმენები ყველა საერთაშორისო, საქალაქო ტურნირსა და ჩემპიონატზე ქალაქის ბრენდინგით გაფორმებული, მაღალი ხარისხის სამოსით წარსდგებიან.
ექსკლუზიურად შექმნილი სპორტული სამოსი წარმატებულ სპორტსმენებსა და სპორტის განვითარების ცენტრის ყველა მწვრთნელ-მასწავლებელს რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ გადასცა. ქალაქის მერმა მათ სპორტულ კარიერაში შემდგომი წარმატებები უსურვა და რუსთავის სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული რეფორმის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
„ჩვენი გუნდის გადაწყვეტილებით, რუსთავში 450 სპორტსმენსა და მწვრთნელს გადავეცით უმაღლესი ხარისხის სპორტული ეკიპირება. იმედი გვაქვს, ისინი კიდევ უფრო მეტი სიამაყითა და მონდომებით წარმოაჩენენ ჩვენს ქალაქს და ქვეყანას სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ტურნირზე. ჩვენ სპორტის სფეროში დაწყებულ რეფორმას ვაგრძელებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ დაუკავშიროს საკუთარი ცხოვრება სპორტს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
რუსთავის სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმში გამართულ ღონისძიებას საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრები, რუსთაველი სპორტსმენები და მწვრთნელები ესწრებოდნენ.
„მიხარია, რომ ამ ქალაქში ვცხოვრობ. ბოლო წლებში რუსთავში სპორტის ხელშეწყობის მიზნით მართლაც ბევრი რამ გაკეთდა, გვაქვს ახალი სპორტის სასახლე, ცოტა ხნის წინ გაიხსნა სპორტის საგანმანათლებლო მუზეუმი და დღეს რუსთაველ სპორტსმენებს ქალაქის მერმა გადმოგვცა ახალი სპორტული ეკიპირება“, – განაცხადა ოლიმპიურმა პრიზიორმა კრივში ლაშა გურულმა.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში რუსთავში ყოველწლიურად 1 200 მოსწავლე ვარჯიშობს. საქართველოს, ევროპისა და მსოფლიო ტურნირებზე წარმატებით მოასპარეზე რუსთაველი სპორტსმენები მერიისგან დაწესებულ სპეციალურ სტიპენდიას იღებენ.