„რუსთავის აზოტი“ - ხელმძღვანელობა გაფიცული თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, თუმცა შეუძლებელი გახდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შეხვედრის წარმართვა
„რუსთავის აზოტი“ - ხელმძღვანელობა გაფიცული თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, თუმცა შეუძლებელი გახდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შეხვედრის წარმართვა

ხელმძღვანელობა გაფიცული თანამშრომლების ნაწილს შეხვდა, თუმცა შეუძლებელი გახდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შეხვედრის წარმართვა, – ამის შესახებ აღნიშნულია კომპანია „რუსთავის აზოტის“ განცხადებაში.

„2021 წლის 28 აპრილს, სს „რუსთავის აზოტის“ ხელმძღვანელობა შეხვდა გაფიცული თანამშრომლების ნაწილს, მათი მოთხოვნის შესაბამისად. შეხვედრის მიზანი იყო გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების გაცნობა და კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში გამოსავლის მოძებნა. სამწუხაროდ, შეუძლებელი გახდა კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში შეხვედრის წარმართვა, რის გამოც შეხვედრა ჩაიშალა, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაფიცულ თანამშრომელთა მხრიდან სათანადო მზაობის შემთხვევაში, კომპანია კვლავაც მზად არის, გააგრძელოს მათთან ერთად კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა.

„გაფიცულ თანამშრომელთა ნაწილის მხრიდან, არაერთგზის (მათ შორის შეხვედრაზეც) გაჟღერებული იქნა საწარმოს უწყვეტი სამუშაო პროცესის ხელის შეშლის მუქარა. სს „რუსთავის აზოტი“ აცხადებს, რომ უწყვეტი სამუშაო პროცესისთვის ხელის შეშლა წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დასჯად ქმედებას – საბოტაჟს და ნებისმიერი პირის მხრიდან ასეთი ქმედების მცდელობის შემთხვევაში, კომპანია გამოიყენებს მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებებს. გაფიცულ თანამშრომელთა მხრიდან სათანადო მზაობის შემთხვევაში, კომპანია კვლავაც მზად არის, გააგრძელოს მათთან ერთად კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმში მუშაობა და შეხვედრები შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნის მიზნით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსთავში „აზოტის“ საწარმოს თანამშრომლები ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, ორი დღეა, აქციას მართავენ.