რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა
რუსთავი-თბილისის მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილმა მუშაობა შეაჩერა. მიკროავტობუსების მძღოლების თქმით, ისინი მოითხოვენ ყოველდღიური შენატანის რაოდენობის დაკლებას, რასაც კომპანია არ თანხმდება და მათ მიკროავტობუსების გაჩერება მოსთხოვა. მძღოლების ინფორმაციით, ყოველდღიურად კომპანიაში 55 ლარი უნდა შეიტანონ, თუმცა მგზავრთა ნაკადმა იკლო და 40 ლარის მეტს ვერ გადაიხდიან.
მიკროავტობუსების გაჩერებასთან დაკავშირებით, კომპანია „ინტერტრანსმა“ განცხადება გაავრცელა.
„მოგახსენებთ, რომ ზაფხულის პერიოდში მგზავრთა სიმცირის გამო, მძღოლები ისედაც შემცირებულ გადასახადს იხდიან. რაც შეეხება „ალდაგის“ სამარშრუტო ხაზზე დასაქმებული მძღოლების ნაწილის მოთხოვნას გეგმური შენატანის დაკლებასთან დაკავშირებით, ორი დღის წინ, კომპანიასა და მძღოლებს შორის შედგა შეთანხმება. კომპანია „ინტერტრანსის“ ხელმძღვანელობა დათანხმდა იმ მოთხოვნას, რაც მძღოლებს ჰქონდათ დღიურ გეგმასთან დაკავშირებით. დღეს კი, მათ გადასახადის გადახდაზე უარი განაცხადეს. კომპანიამ რამდენჯერმე სიტყვიერად გააფრთხილა ისინი, დაწესებული გადასახადი გადაეხადათ, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, კომპანიამ მიიღო გადაწყვეტილება, ამ ხაზზე მომუშავე რამდენიმე მიკროავტობუსის გაჩერების შესახებ. არცერთი მძღოლი არ არის გათავისუფლებული სამსახურიდან. რაც შეეხება მგზავრებს, მათ გადაადგილებასთან დაკავშირებით პრობლემები არ შეექმნებათ, რადგან სხვა მარშრუტებზე მიკროავტობუსების რაოდენობა გაზრდილია“, – ნათქვამია განცხადებაში.