რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალთან მდებარე დასახლება სტიქიის შემდეგ [ფოტო]
გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლებაში გუშინ საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაიტბორა.
კერძო დასახლებაში 11 ოჯახი ცხოვრობს.
ადგილობრივების ინფორმაციით, განადგურებულია ავეჯი და ტექნიკა. წყალდიდობის შემდეგ, ვერ პოულობენ შინაურ ცხოველებს.
ადგილზე წყლის დონემ იკლო, თუმცა ეზოებსა და სახლებში წყალი კვლავ რჩება.
როგორც პირველ არხს ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა, ადგილზე ამოტუმბვითი სამუშაოების დაწყება ვერ ხერხდება, რადგან ეზოებსა და სახლებში შლამია, რასაც ტექნიკა ვერ ამოტუმბავს.
მისი თქმით, იგეგმება ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის შეყვანა, რათა გაიჭრას არხი, რომლის მეშვეობით დასახლების წყლისა და შლამისგან გათავისუფლება მოხდება.
რუსთავი-თბილისის ავტობანთან, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უხვი ნალექის გამო არხი ადიდდა. შედეგად კერძო დასახლება დაიტბორა. წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. მაშველებმა დასახლებაში დარჩენილი ადამიანები ნავებით გამოიყვანეს.