რუსთავი-თბილისის ავტობანთან მცხოვრები ადამიანები, რომელთა სახლებიც დაიტბორა, სასტუმროებში გადაიყვანეს
რუსთავი-თბილისის ავტობანთან კერძო დასახლებაში მცხოვრები ადამიანები, რომელთა სახლები ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა და წასასვლელი არსად აქვთ, სასტუმროებში არიან გადაყვანილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომელთა სახლები დაზიანებულია, საცხოვრებელ ფართებს უქირავებენ, სანამ დაზიანებული სახლების აღდგენა არ მოხდება.
რუსთავი-თბილისის ავტობანთან არხის ადიდების შედეგად კერძო დასახლება დაიტბორა. მაშველებმა დასახლებაში დარჩენილი ადამიანები ნავებით გამოიყვანეს. დასახლება გარდაბნის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის.