რუსთავი-თბილისის ავტობანის მიმდებარედ დატბორილი დასახლებიდან მაშველებმა ყველა ადამიანი გამოიყვანეს
რუსთავი-თბილისის ავტობანის მიმდებარედ დატბორილ დასახლებაში დარჩენილი ყველა ადამიანი უსაფრთხო ადგილასაა გამოყვანილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქვემო ქართლის სამაშველო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ახლა მაშველები ტერიტორიაზე მონიტორინგსა და დაზვერვით სამუშაოებს ახორციელებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ სტიქიის ზონაში არავინაა დარჩენილი.
დავით გელაშვილის ინფორმაციით, დასახლებაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი ნალექის მოსვლისა და დასახლების დატბორვის გამო, 15-მა ადამიანმა სტიქიის ზონიდან გამოსვლა ვერ მოასწრო. ისინი მაშველებმა სამაშველო ნავებით გამოიყვანეს.
მისივე განმარტებით, ადგილზე 60-მდე მაშველი იყო მობილიზებული საცური მოწყობილობებით.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ცოტა ხნის წინ მაშველებმა წყლიდან ორი ძაღლიც ამოიყვანეს.