„რუსთავი 2“-ის იურისტი - სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გასაჩივრებას
მას შემდეგ, რაც სახელმწიფომ გუშინ შესაშური სისწრაფით დაარეგისტრირა ქიბარ ხალვაშის წილებზე საკუთრების უფლება და შეიცვალა „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი, ამან ფაქტობრივად აზრი გამოაცალა დიდ პალატაში გასაჩივრებას და მომავალში ამ გადაწყვეტილების აღსრულებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „რუსთავი 2“-ის იურისტმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა განაცხადა.
თუმცა, მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება არ უნდა გასაჩივრდეს.
„ეს არის ყოფილი დამფუძნებლების გადაწყვეტილება და ალბათ, გაასაჩივრებენ დიდ პალატაში. რაც შეეხება შედეგს, ვინაიდან ეს გარკვეულ დროს საჭიროებს, დიდი პალატის გადაწყვეტილების დროს რა მდგომარეობა იქნება „რუსთავი 2″“-ში და საერთოდ, იარსებებს თუ არა ეს კომპანია, ჩემთვის ამ მომენტში გაურკვეველია. შესაბამისად, ვფიქრობ, შესაძლოა, სახელმწიფოს გუშინდელმა მოქმედებამ საერთოდ აზრი დაუკარგა დიდი პალატის მომავალში მისაღებ გადაწყვეტილებას“, – განცხადა საძაგლიშვილმა.
რაც შეეხება ოქრუაშვილის სარჩელს „რუსთავი 2“-ის დარეგისტრირებულ წილებზე ყადაღის დადების შესახებ, საძაგლიშვილი ამბობს, რომ მას პირადად აქვს ნანახი შეთანხმება, რომელიც ოქრუაშვილსა და ქიბარ ხალვაშს შორის არის დადებული.
„ეს შეთანხმება ჩვენს საქმეზე წარვადგინეთ უზენაეს სასამართლოში ჯერ კიდევ 2016 წელს და აქედან გამომდინარე, მაქვს ეს დოკუმენტი ნანახი. იმ შემთხვევაში, თუ ეს შეთანხმება ვალიდურია და ორივე მხარის მიერ არის ნამდვილად ხელმოწერილი, სამართლებრივი საფუძველი არსებობს. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც ეს საქმე განიხილება ქართულ სასამართლოში, ეჭვი მეპარება, რომ პროცესები დროულად წარიმართოს. შესაბამისად, დროში გაჭიანურებამ შეიძლება, საერთოდ დაიკარგოს აზრი ამ საკითხის განხილვას”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.