რუსთაველის გამზირზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს
რუსთაველის გამზირზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს

რუსთაველის გამზირზე „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ოფისი გაქურდეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

როგორც პირველ არხს პარტიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა განუცხადა, დღეს დილით პარტიის ოფისი გატეხილი დახვდა.

პარტიის წარმომადგენლების განცხადებით, წაღებულია ორი ტელევიზორი და ოთხი კომპიუტერი. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

„ჩვენი ოფისიდან წაღებულია საინფორმაციო-ანალიტიკური მედიამონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ამავე დეპარტამენტის თანამშრომლის, ასევე ბუღალტერისა და მთაწმინდის კომიტეტის კუთვნილი კომპიუტერები. ასევე წაღებულია ორი ტელევიზორი. ამ პროცესორებში იყო საკმაოდ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფინანსური კუთხით და ასევე ინფორმაცია ამომრჩევლების თაობაზე.

ჯერჯერობით სამართალდამცავები ამოწმებენ კამერებს, გარშემო საკმაოდ ბევრი კამერაა, თუ არის იქ რამე დაფიქსირებული და ასევე ძაღლმა აიღო კვალი და ჩავიდა მეზობელ ქუჩაზე, თაბუკაშვილამდე იარა“, – განაცხადა პარტიის წევრმა ზურაბ ღონღაძემ.

მისი თქმით, თანამშრომელი, რომელმაც ეს ფაქტი პირველმა აღმოაჩინა, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

სხვა ინფორმაცია ჯერჯერობით თუ ვინ და რამდენი იყო,არ არსებობს. გამოკითხვაზე გადაიყვანეს ის თანამშრომელი, ვინც პირველად აღმოაჩინა ეს ფაქტი”, განაცხადა ჟურნალისტებთან პარტიის წევრმა ზურაბ ღონღაძემ.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.