რუსთაველის გამზირზე დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო [ფოტო-ვიდეო]
რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო.
ნაძვის ხე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახის წევრებთან ერთად აანთეს.
კახა კალაძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა და აღნიშნა, რომ ყველა დიდი სიყვარულით უნდა შეხვდეს 2022 წელს.
„მივესალმები თბილისს, სრულიად საქართველოს. დიდი სიყვარულით მინდა, მივესალმო ყველა ქართველს, რომლებიც დღეს საზღვრებს გარეთ იმყოფებიან და იქიდან გვადევნებენ თვალს. მსურს, საქართველოს დედაქალაქიდან, თბილისიდან მივულოცო ჩვენს ქართველებს და დიდი სიყვარულით მოვიკითხო. მადლობა, რომ მობრძანდით, შევიკრიბეთ. დღევანდელ საღამოს გვაქვს შესაძლებლობა, ერთად ავანთოთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ყველაფერი ცუდი, რთული, რაც იყო 2021 წელს, რა თქმა უნდა, წარსულს უნდა გავატანოთ და ახალი იმედებით, შემართებით, ახალი ენერგიით და რაც მთავარია, დიდი სიყვარულით უნდა შევხვდეთ 2022 წელს. წელი, რომელიც იქნება აღმშენებლობის, განვითარების, წარმატების და წინსვლის. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, ერთად მოვახერხებთ. ჩემო მეგობრებო, მტრის და მოყვასის სიყვარული ჩვენი კულტურის, ისტორიის, რელიგიის ნაწილია. ამიტომ, გვინდა, ყველას გთხოვოთ მეტი სიყვარული, პატივისცემა. დღეს ყველაზე მეტად რაც გვაკლია და რაც პრობლემას წარმოადგენს, არის გაუცხოება. ამიტომ მეტი სიყვარული, მეტი პატივისცემა, გვიყვარდეს ერთმანეთი, ერთად ერთიანი შემართებით, წარმატებით რა ტქმა უნდა, ყველაფერი უნდ გავაკეთოთ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ქალაქის საკეთილდღეოდ, ისე რომ თითოეულმა ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ადამიანმა იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახში“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილმა შეკრებილებს უსურვა, მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და გაერთიანების წელი.
„მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი. დღეს, ამ ლამაზ ადგილას შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ყველამ ერთად, საზეიმოდ ავანთოთ ეს ულამაზესი ნაძვის ხე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, 2021 წელი საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი.
„რა თქმა უნდა, ტრადიციულად, ნაძვის ხის ანთებით ვემზადებით ახალი წლის შესახვედრად. დამეთანხმებით, რომ საკმაოდ რთული წელი იყო 2021 წელი, მაგრამ ამავდროულად, ეს იყო დიდი გარდატეხის წელი, ვინაიდან, ჩვენ ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ. ახლა მინდა, რომ ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმოთ და გისურვოთ, პირველ რიგში, მშვიდობა, ჯანმრთელობა თქვენ და თქვენს ოჯახებს, თქვენს შვილებს, თქვენს მშობლებს. მივესალმები ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს მიღმა. მივესალმები ჩვენს თანამოქალაქეებს აფხაზეთში, ოსეთში, ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს. მინდა, რომ ამ სცენიდან მადლობა გადავუხადო ამ რთულ წელს გაწეული საქმისთვის ჩვენს გმირ ექიმებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, ჩვენს ჯარისკაცებს, ყველას მინდა მოგეფეროთ და მადლობა გითხრათ. ვისურვოთ, რომ მომავალი წელი იყოს მშვიდობის, კეთილდღეობის მომტანი, სიხარულის, სიყვარულის და ჩვენი გაერთიანების წელი. დიდი მადლობა და ღმერთი იყოს თქვენი მფარველი“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.