რუსთაველის გამზირზე 20 ივნისს დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რუსთაველის გამზირზე დაგეგმილი შეკრება-მანიფესტაციის გამო, 20 ივნისს, 14:00 საათიდან სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ავტომანქანების მძღოლები პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილებას ალტერნტიული ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.
მათივე ინფორმაციით, მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მოძრავ ავტომობილებს შეეძლებათ, ლესია უკრაინკას, ჟვანიასა და ჩიტაძის ქუჩებზე გადაინაცვლონ, ხოლო უკუმიმართულებისას, ფურცელაძის, თაბუკაშვილისა და ჯორჯაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრაონ. რუსთაველის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის სქემა დროებით იცვლება და გადაადგილება შესაძლებელი იქნება შემდეგი მარშრუტით: N6, N14, N33, N42, N52, N58, N61, N87, N88 და N150 ავტობუსები ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, რუსთაველის გამზირის ნაცვლად, მელიქიშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩას დაუკავშირდებიან და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით, ბარათაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან. უკუმიმართულებისას, აღნიშნული მარშრუტები თავისუფლების მოედანზე დატრიალდებიან და მარჯვენა სანაპიროზე გავლენ, საიდანაც თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონია) მიმდებარე ტერიტორიას მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, შემდეგ კი, მოძრაობას დადგენილი მარშრუტით გააგრძელებენ.
ავტობუსების – N31, N37 და N46 მარშრუტები მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმართულებით მოძრაობისას, ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით ისარგებლებენ და მარჯვენა სანაპიროს გავლით, მოძრაობას ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით გააგრძელებენ, რის შემდეგაც, დადგენილი სქემით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, იმავე მარშრუტით კოსტავას ქუჩას დაუკავშირდებიან, შემდეგ კი გადაადგილებას დადგენილი სქემით შეძლებენ.
რაც შეეხება N20, N3 და N95 მარშრუტებს, მათ ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, სქემა არ ეცვლებათ. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ხიდიდან მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გავლენ და კვლავ ბარათაშვილის ხიდის გავლით, მოძრაობას მარჯვენა სანაპიროსკენ გააგრძელებენ, ხოლო შემდგომ ზაარბრიუკენის ხიდის მეშვეობით, დადგენილი სქემით იმოძრავებენ; N124 ავტობუსის ბოლო გაჩერება მეტროსადგურ „რუსთაველის“ ნაცვლად, ბარათაშვილის ქ. N2-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაინაცვლებს; N80 მარშრუტი კი თავისუფლების მოედანზე დატრიალდება და მოძრაობას ე.წ. კონკასთან დაასრულებს. მიკროავტობუსები – N2, N31, N41, N64, N72, N120, N133, N137 და N170 ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობისას, მელიქიშვილის ქუჩიდან ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით გადაადგილდებიან. უკუმიმართულებისას, ბარათაშვილის ქუჩის დახმარებით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან და ჯავახიშვილის ქუჩიდან მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებენ;
N10, N140 და N149 მიკროავტობუსები კოტე აფხაზის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. შემდგომ გადავლენ მარცხენა სანაპიროზე და ბარათაშვილის ხიდის გავლით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდებიან, ჭანტურიას ქუჩიდან კი შეეძლებათ, დადგენილი სქემით იმოძრაონ.
N145 მიკროავტობუსი თავისუფლების მოედნისკენ მელიქიშვილის ქუჩის გავლით იმოძრავებს. კერძოდ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის, მარჯვენა სანაპიროსა და ბარათაშვილის ქუჩის გავლის შემდეგ, თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხვდება და მოძრაობას დადგენილი სქემით გააგრძელებს.