რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს
თბილისის მერიის ინფორმაციით, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, გაბაშვილის №8 შენობის კედლის გამაგრება, ძველი ანძების ფუნდამენტის დემონტაჟი და ახალი ფუნდამენტის ჩასხმა, ასევე, ზედა სადგურის ტერიტორიაზე ქვაბულის გაჭრის სამუშაოები ხორციელდება.
მიმდინარე პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, კონტრაქტორი კომპანია „დაგის“ წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე გაეცნო.
სამშენებლო-არქიტექტურული ნაწილი გულისხმობს საბაგირო ხაზის ქვედა და ზედა სადგურის სრულ რეაბილიტაციას და 5 ახალი ანძის ფუნდამენტის მოწყობას. აღნიშნულ სამუშაოებს აწარმოებს სამშენებლო კომპანია „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე პასუხისმგებელია ავსტრიული კომპანია Doppelmayr Seilbahnen GmbH.
რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზა საათში 1 200 მგზავრს მოემსახურება. ხაზზე 21 გონდოლა იმოძრავებს. გზის დაფარვის საშუალო სიჩქარე 4.07 წუთი იქნება, ხოლო მარშრუტის სიგრძე – 845,55 მ.
თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წლის სექტემბერში დაიწყო და დაახლოებით, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. რეაბილიტაციის შემდგომ, რუსთაველი-მთაწმინდის საბაგირო სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა.