რუსეთმა მოლდოვის მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულა
რუსმა სამართალდამცველებმა მოლდოვის მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი ვლად პლახოტნიუკი ნარკოტიკების კონტრაბანდაში დაადანაშაულეს.
როგორც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ირინა ვოლკმა განაცხადა, ვლად პლახოტნიუკი ნარკოსინდიკატს ხელმძღვანელობდა.
მისივე თქმით, პლახოტნიუკს ბრალი განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-რეალიზციაში ედება.
გამომძიებლები აცხადებენ, რომ პლახოტნიუკმა ისარგებლა პოლიტიკური გავლენით და დანაშაულებრივი გარიგება დადო მოლდოველ კრიმინალებთან. შედეგად კი პლახოტნიუკი 2012 წელს დანაშაულებრივი ტრანსნაციონალური ნარკოსინდიკატის ხელმძღვანელი გახდა.
შარშან მოსკოვის სასამართლომ პლახოტნიუკს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალად მკვლელობის მიზნით თავდასხმაში დასდეს ბრალი და პლახოტნიუკზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.
რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მოლდოვის მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერი საერთაშორისო კრიმინალური დაჯგუფებების ხელმძღვანელი იყო და რუსეთიდან 37 მილიარდი რუბლი უკანონო გზით გაიტანა.
14 ივნისს ვლად პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ ხელისუფლება გადააბარა და ოპოზიციაში გადავიდა. სხვადასხვა ცნობით, პლახოტნიუკი ამჟამად შვეიცარიაში იმყოფება.
25 ივნისს პლახოტნიუკმა განაცხადა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, თუმცა დეპუტატის მანდატზე უარი არ უთქვამს.