რუსმა სამხედროებმა რამდენიმე საათის წინ ახალუბანთან ორი მწყემსი დააკავეს და ცოტა ხნის წინ გაათავისუფლეს
სოფელ ახალუბანთან რუსმა სამხედროებმა ორი მწყემსი დააკავეს. მათი დაკავება საოკუპაციო ხაზთან რამდენიმე საათის წინ მოხდა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ დაკავებულები ოკუპირებულ ცხინვალში არ გადაუყვანიათ და უკვე გაათავისუფლეს. სუს-ში აცხადებენ, რომ მწყემსები ქართველ სამართალდამცველებს ცოტა ხნის წინ გადმოსცეს.
როგორც საქართველოს პირველ არხს თვითმხილველმა უამბო, მწყემსები რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ მხარეს მოტყუებით გადაიყვანეს.
„რუსმა სამხედროებმა დაგვიძახეს, ძროხები აქეთ გადმოვიდნენ, გადმოდით, გადაიყვანეთო. მე დავრჩი ძროხებთან, ჩემი მეზობელი და ბიძაშვილი გადავიდნენ, რათა გამოეყვანათ ძროხები. ველოდე რამდენიმე საათი და მერე მივხვდი, რომ დააკავეს“, – აცხადებს თვითმხილველი მწყემსი.