ცნობილმა რუსმა მოთხილამურემ და ბიატლონისტმა ანფისა რეზცოვამ ინტერვიუში აღიარა აქტიური სპორტული კარიერის მსვლელობისას დოპინგის გამოყენება. მისი თქმით, ის გარკვეულ პრეპარატებს იღებდა, თუმცა მათი სახელები არ იცის.
„ოლიმპიადისთვის ორ ჯგუფად ვემზადებოდით. ჩვენს ჯგუფში დოპინგი არ ყოფილა, მხოლოდ სისხლი.
მოსამზადებელ პერიოდში ჩვენგან სამჯერ ან ოთხჯერ იღებდნენ სისხლს. მწვრთნელები ხედავდნენ, რომ თავს კარგად ვგრძნობდით და სისხლის ჩასაბარებლად გვიშვებდნენ. ჩვენგან 800 მილიგრამს იღებდნენ. ქილებში ასხამდნენ და მაცივარში ინახავდნენ, შემდეგ ზამთარში ჩვენივე სისხლს უკან გვისხამდნენ. ვიღაცას ეს, ალბათ, ეხმარებოდა. სიმართლე გითხრათ, საკუთარ თავზე ეფექტს ვერ ვხედავდი.
სამაგიეროდ, ვგრძნობდი დოპინგს, როცა თითქმის ყველგან ნემსს გვიკეთებდნენ. დიახ, ეფექტი იყო. ეს მაშინ ხდებოდა, როცა 1996 წელს თხილამურებში დავბრუნდი. არანორმალურივით ვმუშაობდი და მითხრეს, რომ ესეც მჭირდებოდა.
ჩვენთან იყო ერთი სპორტსმენი – ოლგა დანილოვა. ორი თუ სამი ოლიმპიადა სიმბოლურად ჩაატარა. და უცებ, 1998 წელს მოგება დაიწყო. არაფერი მესმოდა – როგორ ახერხებდა ამას? მას ჰყავდა სპონსორი – ტელევიზორების მწარმოებელი ფირმის „რუბინის“ მეპატრონე. მან დაუფინანსა ოლგას დოპინგ-პროგრამა ექიმთან.
1996 წელს, მშობიარობის შემდეგ, თხილამურებში დავბრუნდი და ექიმთან მივედი: „ყველას უკეთებთ და მეც უნდა გამიკეთოთ“. ოთხი თვის ფული გადავუხადე. და მართლაც ვიგრძენი, რომ ორგანიზმი უმატებდა. არ ვუარყოფ დოპინგს, მე მას ვიღებდი.
არც ერთი პრეპარატის სახელი არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე. მე ეს მეხმარებოდა – და მორჩა. რომ გამოვეჭირე, პასუხსაც ვაგებდი. შემიძლია დავიფიცო: არ ვიცი რა ნემსს მიკეთებდნენ. მაგრამ ეს მოგებაში მეხმარებოდა“, – ამბობს რეზცოვა.
ანფისა რეზცოვა სათხილამურო რბოლაში გახდა ოლიმპიური ჩემპიონი 1988 წელს, კალგარის ოლიმპიადაზე. ასევე 1992 და 1994 წლების ოლიმპიადებზე ორი ოქრო მოიპოვა ბიატლონში.