პეკინი 2022 | გამოდევნება ქალებში 10კმ-ზე ნორვეგიელმა მარტე როისელანდმა მოიგო [ვიდეო] #1TVSPORT

პეკინში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ბიატლონში (ქალებში) გამოდევნება 10 კმ-ზე გაიმართა. შეჯიბრება ნორვეგიელი სპორტსმენის, 2021/2022 წლების საერთო ჩათვლის ლიდერის, 31 წლის მარტე როისელანდის დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. მან დისტანციაზე სწრაფად ირბინა, ასევე 20 სროლიდან 19 ზუსტად შეასრულა და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.როისელანდს 2018 წლის ოლიმპიადაზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში სპრინტში ვერცხლის მედალი ჰქონდა აღებული, მსოფლიო ჩემპიონატებზე კი 11-გზის ოქროს მედლის მფლობელია (9-ჯერ ესტაფეტებში).

ნორვეგიელმა პეკინის მიმდინარე ზამთრის ოლიმპიადაზე მესამე ოქროს მედალი მოიპოვა.იგი გახდა შერეული ესტაფეტის გამარჯვებული და მან ასევე მოიგო სპრინტი 7.5კმ-ზე .ინდივიდუალურ რბოლაში კი როისელანდი 15 კმ-ზე ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

დღევანდელ რბოლაში მეორე ადგილზე შვედი ელვირა ოებერგი გავიდა. იგი გამარჯვებულს ერთ წუთზე მეტით ჩამორჩა. ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი ნორვგიელი ტირილ ეკჰოფი გახდა.

დღეს,13 თებერვალს პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე ბიატლონში კიდევ ერთი რბოლა – კაცების გამოდევნება 12.5კმ-ზე გაიმართება, რომლის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.