რუსლან სტეფანჩუკი - დარწმუნებული ვართ, მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს, პროუკრაინული კოალიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს
ისტორიული მომენტია, უკრაინის პარლამენტი პირველად იღებს მონაწილეობას ევროკავშირის კონვენციურ სამიტში, კრემლი მზადაა ყველაფრისთვის, რათა შეინარჩუნოს ძალაუფლება და მონოპოლია. უკრაინამ სხვა გზა აირჩია, თავისუფლებისა და ღირსების გზა, – ამის შესახებ უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობისას განაცხადა.
სტეფანჩუკის განცხადებით, რუსეთი ყველანაირად ცდილობს, უკრაინელებში წინააღმდეგობის გაწევის სურვილი ჩაკლას.
„რუსეთმა წამოიწყო სრულმასშტაბიანი ომი და სრული სპექტრი მუქარებისა და შანტაჟის. უკვე მეორე წელია, ომი მიმდინარეობს და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ტანჯვა მოგვიტანონ, რათა ჩაკლან წინააღმდეგობის სურვილი, დაგვაშინონ და დავნებდეთ. სხვაგვარად როგორ ახსნით მშვიდობიანი მოსახლეობის, საავადმყოფოების, სკოლების, ეკლესიების, ჰუმანიტარული დერეფნების, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მიზანმიმართულ დაბომბვებს? როგორ ახსნით ქალებისა და ბავშვების ცალსახად დაბომბვებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე? რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინის ხერხემლის გადატეხვა. დარწმუნებული ვართ, რომ მხოლოდ ბრძოლა და გამარჯვება დაგვიცავს გენოციდისგან და რუსეთს მართლმსაჯულების წინაშე წარადგენს – ყველას, ვინც დამნაშავეა, დაწყებული რიგითი სამხედროდან მაღალჩინოსნებამდე. საერთაშორისო ტრიბუნალი საფუძველს დაუდებს რუსი მაღალჩინოსნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ამ ომის დაწყების გამო. პროუკრაინული კოალიცია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს, მაგრამ გამარჯვება საჭიროებს ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს. ჩვენ გვჭირდება საბრძოლო მასალები, შეიარაღება და წვრთნები. ახლა ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ავიაცია, ველით გადაწყვეტილებას მეოთხე თაობის ავიაგამანადგურებლებზე და ასევე ველით სხვა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.