რუსლან ჩერნოლუცკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ღამის შინაპატიმრობის ვადა ამოეწურა
ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს ღამის შინაპატიმრობის და კიევიდან გასვლაზე დაწესებული შეზღუდვის ვადა ამოიწურა – ამის შესახებ „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განაცხადა.
„მიხეილ სააკაშვილისთვის ეჭვმიტანილად ცნობის ოქმის ჩაბარების მცდელობა პროკურატურის მიერ თარიღდება 5 დეკემბრით. ასეთ შემთხვევაში, აღკვეთის ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების ათვლა უნდა იწყებოდეს 5 დეკემბრიდან. უფრო ზუსტად, მას ეჭვმიტანილად ცნობის ოქმი ფოსტით 6 დეკემბერს გაუგზავნეს. კიევის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აღკვეთის ზომის ვადა იწურება 6 თებერვლის ღამით, რაც ნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიება ავტომატურად უქმდება“, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.
ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების ვადის გასახანგრძლივებლად, გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს უნდა მიმართოს.
როგორც ადვოკატი მიიჩნევს, ის, რომ პროკურატურას მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების ვადის გახანგრძლივება ამ დრომდე არ მოუთხოვია, შესაძლოა, უკავშირდებოდეს მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირებისთვის პროცედურებს.
მიხეილ სააკაშვილს ღამის საათებში შინაპატიმრობა კიევის სააპელაციო სასამართლომ 26 იანვარს შეუფარდა.