რუსი სამხედროების მიერ ხარკოვში ჰიპერმარკეტის დაბომბვას, სულ მცირე, ორი ადამიანი ემსხვერპლა, ვარაუდობენ, რომ შენობაში 200-მდე მოქალაქე იმყოფებოდა
რუსეთის მიერ ხარკოვის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰიპერმარკეტ „ეპიცენტრის“ დაბომბვის შედეგად, სულ მცირე, ორი ადამიანი დაიღუპა, 35 კი დაშავდა.
ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, არიან დაკარგულებიც.
„თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრი იყო, სადაც ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ეს არის ტერორიზმი“, – განაცხადა იგორ ტერეხოვმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაიბომბა ხარკოვის ცენტრალური პარკის ტერიტორიაც.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის ჰიპერმარკეტში დაბომბვის დროს, შესაძლოა, 200-ზე მეტი ადამიანი ყოფილიყო. უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორებს მოუწოდა, გადასცენ კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემები და თანამედროვე სამხედრო ავიაცია.