რუსი გენერალი სირიაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის ინსცენირებაში ბრიტანეთს ადანაშაულებს
სირიაში ქიმიური იარაღით სავარაუდო თავდასხმის ინსცენირება ბრიტანეთმა მოაწყო, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს. გენერალ იგორ კონაშენკოვის თქმით, ბრიტანეთის ხელისუფლება 3-დან 6 აპრილამდე მოხალისეთა დაჯგუფება „თეთრ ჩაფხუტებზე“ სერიოზულ ზეწოლას ახორციელებდა, რომ პროვოკაცია მოეწყოთ.
რუსი გენერლის მტკიცებით, დუმაში მყოფმა აქტივისტებმა პროვოკაცია სირიის სამთავრობო არმიის დაბომბვების საპასუხოდ მოაწყვეს.
კონაშენკოვმა იმედი გამოთქვა, რომ „ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის“ ექსპერტები ადგილზე მუშაობის შემდეგ სიმართლეს დაადგენენ.
7 აპრილს აღმოსავლეთ ღუტას ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, აშშ სირიის ხელისუფლებას დაბომბვით დაემუქრა.