უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს, მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება სამ ადამიანს
უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს, მოწამვლის სიმპტომები აღენიშნება სამ ადამიანს

რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს, რომელიც „აზოვის პოლკს“ აქვს დაკავებული. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ „აზოვის პოლკის“ ხელმძღვანელმა, ანდრეი ბელეცკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ბელეცკის თქმით, ქიმიური თავდასხმის შედეგები მცირეა, სამ ადამიანს აღენიშნება მოწამვლის ნიშნები.

„რუსებმა ქიმიური იარაღით დარტყმა განახორციელეს მარიუპოლზე, ქარხანა „აზოვსტალზე“. თუ ვისაუბრებთ დარტყმის პრაქტიკულ მხარეზე, ის დიდი არ არის. სამ ადამიანს აქვს საბრძოლო ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის მკვეთრად გამოხატული ნიშნები, თუმცა კატასტროფული შედეგების გარეშე. ქიმიური თავდასხმა მარიუპოლზე მხოლოდ ერთს ნიშნავს: რუსები ვერ იღებენ მარიუპოლს და უკრაინელ დამცველებს. მათ არაფერი დარჩენიათ, განურჩეველი აკრძალული იარაღის გამოყენების გარდა“, – აცხადებს აზოვის პოლკის ხელმძღვანელი.

ბელეცკის განცხადებით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შეგახსენებთ, მანამდე აზოვის პოლკმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა ძალებმა მარიუპოლში უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს.