ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილება
ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საპასუხო ზომები განიხილება

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც, ნატო ომში არ ჩაერთვება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ოლაფ შოლცის თქმით, განიხილება რუსეთის მხრიდან ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღება, მაგრამ დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის გამოყენება არ უნდა მოხდეს და ამიტომ ჩვენ ყველანი ასე გულწრფელები ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

ამასთან, როგორც მედია წერს, შოლცმა აღნიშნა, რომ ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაშიც ნატო ომში არ ჩაერთვება.

„ნატო არ გახდება ომის მხარე, ეს ნათელია“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ შეერთებული შტატები უპასუხებს, თუ რუსეთის პრეზიდენტი გამოიყენებს მასობრივი განადგურების იარაღს, მაგრამ პასუხი სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული.

რუსეთის მიერ უკრაინაში ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობა გასულ კვირას ნატო-ს სამიტზეც განიხილეს.